23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღე


1923 წელს კატალონიაში, წიგნის საერთაშორისო დღის აღნიშვნა დაიწყო. სერვანტესის გარდაცვალების დღეს - 23 აპრილს მამაკაცები ქალებს ვარდებს ჩუქნიდნენ, ხოლო მათგან, წიგნებს იღებდნენ საჩუქრად... ანუ ქალები გენიალური მიგელ დე სერვანტესის გარდაცვალების დღეს, მამაკაცებს და შესაბამისად, მთელ ესპანეთს ახსენებდნენ, რომ წიგნს ამქვეყნად ვერაფერი შეცვლის!.. დიახ, ეს ამბავი ესპანეთში ხდებოდა, მაგრამ მას აქეთ, რაც "იუნესკომ" 23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა, 23 აპრილის აღნიშვნა თითქმის მთელმა მსოფლიომ დაიწყო.
ეს გახდა დღე, როდესაც ქუჩებსა და ავენიუებს ახალი თუ ძველი წიგნები ფარავს და კაცობრიობა, კიდევ ერთხელ იწყებს საჯაროდ საუბარს იმის შესახებ თუ რაოდენ აუცილებელია წიგნი ადამიანის განვითარებისთვის.

23 აპრილს ჩვენი ქვეყანაც წიგნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. წიგნის პოპულარიზაციის მიზნით საქართველოშიც იმართება ღონისძიებები. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა და სტუდენტური კლუბი "ვიტამინი" წიგნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში მოეწყობა ბუკინისტური ბაზრობა, ხოლო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ფოიეში გაიმართება წიგნების გამოფენა-გაყიდვა, სხვადასხვა გამომცემლობა საკუთარ გამოცემებს წარმოადგენს.
გარდა ამისა სამედიცინო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მოეწყობა შოუ - "ცოცხალი ბიბლიოთეკა", ანუ წიგნები ადამიანები იქნებიან, ხოლო მათი წაკითხვა საუბრის საშუალებით მოხდება. ბიბლიოთეკაში "წიგნებად" მოწვეულნი იქნებიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები (გია მურღულია, მიხეილ ცაგარელი, ინესა მერაბიშვილი, ჯუმბერ ლეჟავა, დეფი გოგიბედაშვილი და სხვ.). თითოეული "წიგნი" დასათაურებული იქნება. ბიბლიოთეკის საგამოფენო სივრცეში წიგნის თემაზე შექმნილი ფოტოები და პოსტერები გამოიფინება, რომლებზეც გამოსახული იქნება ბესთსელერების ყდები. მოხდება ფილმის დემონსტრირება და დისკუსია თემაზე - "წიგნების დანიშნულება თანამედროვე სამყაროში".
დასასრულს, სამედიცინო უნივერსიტეტის "ცისფერ" დარბაზში გაიმართება პოეზიის საღამო მუსიკალური გაფორმებით.
ჩვენ კი დღეს 23 აპრილს, წიგნის საერთაშორისო დღეს, ჩვენს პატარა თანამემამულეებს გვსურს შევახსენოთ, რომ წიგნს ამქვეყნად ვერაფერი ჩაანაცვლებს, თქვენ წარმოიდგინეთ ვერც ისეთი ყოვლისშემძლე და ყველა ჩვენგანისთვის საყვარელი და საჭირო გამონაგონი, როგორიც კომპიუტერი გახლავთ!

Комментариев нет:

Отправить комментарий